ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
წყალტუბო, 2023 წელი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- სსიპ წყალტუბოს კოლეჯის (შემდგომში – ,,კოლეჯი“) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები აყალიბებს კოლეჯის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, რომელიც მუდმივი განვითარების მიზნით ეყრდნობა ხარისხის უწყვეტი ციკლის პრინციპებს;
- ამ მექანიზმების შემუშავების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონები „პროფესიული განათლების შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და კოლეჯის შიდა რეგულაციები;
- კოლეჯის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ორიენტირებულია კოლეჯის საქმიანობის და რესურსების უწყვეტ შეფასებასა და განვითარებაზე, ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები გულისხმობს როგორც ხარისხის შიდა, ასევე გარე შეფასებას.
მუხლი 2. შიდა ხარისხის უზრუნველყოფა
- ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა აგებულია „დაგეგმე, განახორციელე, შეაფასე, განავითარე“ ციკლის (PDCA) ეტაპების მიხედვით:
ა) ,,დაგეგმე“ – ამ ეტაპზე იგეგმება ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი, მუშავდება შეფასების კრიტერიუმები, აქტივობების გრაფიკი და ხდება დაინტერესებულ მხარეების ინფორმირება;
ბ) ,,განახორციელე“ – ეტაპი გულისხმობს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიცაა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა (პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები, კოლეჯის პერსონალი, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები), შეფასების სისტემის ვერიფიკაცია და პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების კონსულტირება/დატრენინგება;
გ) ,,შეამოწმე“– ეტაპი ითვალისწინებს პროცესების და განხორციელებული აქტივობების შემოწმებას;
დ) ,,განავითარე“ – ამ ეტაპზე იგეგმება გაუმჯობესების მექანიზმები. შემოწმების შედეგების მიხედვით აღმოჩენილი ნაკლოვანებებისთვის მუშავდება მაკორექტირებელი რეკომენდაციები და ხდება დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარება.
- კოლეჯი, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის საშუალებით, უზრუნველყოფს:
ა) საგანმანათლებლო საქმიანობისა და რესურსების შეფასების პროცედურების შემუშავებას, დანერგვასა და შემდგომ განვითარებას, რაც ითვალისწინებს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და გაანალიზებული ინფორმაციის შესაბამისად გაუმჯობესებისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირებას;
ბ) სტრატეგიული განვითარების, ადამიანური, საინფორმაციო, ფინანსური და მატერიალური რესურსებისა და სტუდენტთა მომსახურების მუდმივ შეფასება-გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს საგანმანთლებლო რესურსების, ინფრასტრუქტურის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ადამიანური რესურსების განსაზღვრის და მხარდაჭერის პოლიტიკასა და გამჭვირვალე კრიტერიუმებს;
გ) ხარისხის გარე შეფასების პროცესის შედეგად მიღებული შეფასების გამოყენებას შემდგომი შემოწმების პროცესებში ნაკლოვანებების აღმოფხვრის/შემცირების მიზნით;
დ) პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების საქმიანობის ობიექტური და სანდო შეფასებისა და განვითარების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას.
ე) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის შექმნასა და შემდგომ გაუმჯობესებას
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, დანერგვის, შეფასების და განვითარების წესებისა და პროცედურების დანერგვასა და გაუმჯობესებას;
ზ) პროფესიული სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული, აკადემიური და კარიერული მხარდამჭერი სერვისების დანერგვას და მუდმივ გაუმჯობესებას;
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ყოველ კალენდარული წელისთვის შეიმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ითვალისწინებს ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით არსებულ მდგომარეობის და შეფასების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს;
- ამ დოკუმენტში მოცემული მექანიზმების აღსრულებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, რისთვისაც:
ა) თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მიზნით;
ბ) აანალიზებს განხორციელებული შეფასებების ფარგლებში მოგროვებულ ინფორმაციას;
გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირების მიზნით;
დ) წარუდგენს კოლეჯის დირექტორს სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიშს, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეების ინფორმირებას საჭიროებისამებრ.
მუხლი 3. ვერიფიკაცია
- შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმია შეფასების სისტემის ვერიფიკაცია;
- ვერიფიკაცია უზრუნველყოფის შეფასების სისტემის ვალიდურობას; სანდოობას; გამჭვირვალობას; სამართლიანობასა და ობიექტურობას.
ა) შეფასების სისტემა ვალიდურია თუ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტი რელევანტურია იმ სწავლის შედეგის დადასტურებისათვის, რაც ფასდება. ასევე შეფასების გამოყენებული ინსტრუმენტი იძლევა სწავლის შედეგის შეფასების შესაძლებლობას ყველა კრიტერიუმის მიხედვით, რაც დგინდება შეფასების ინსტრუმენტის შინაარსობრივი შესწავლით;
ბ) შეფასების სისტემა სანდოა, თუ განხორციელებული შეფასების შედეგები გამყარებულია სათანადო მტკიცებულებებით, რაც დგინდება შეფასების მტკიცებულების შინაარსობრივი შესწავლით;
გ) შეფასების სისტემა გამჭვირვალეა, თუ შეფასების პროცესი და დადასტურების პირობები, მოთხოვნები, ასევე შეფასების შესახებ სხვა საჭირო ინფორმაცია წინასწარ არის ცნობილი ყველა შესაფასებელი პირისათვის, რაც დგინდება შეფასების ინსტრუმენტის შესწავლით, პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვით ან/და შეფასების პროცესზე დასწრებით;
დ) შეფასების სისტემა სამართლიანია, თუ შეფასების პროცესი ორგანიზებულია იმგვარად, რომ ის საშუალებას აძლევს შესაფასებელ პირს დაადასტუროს მიღწეული სწავლის შედეგები (მათ შორის შეფასების დრო, შეფასების გარემო, გამოყენებული მასალები, აღჭურვილობა და სხვა პირობები), ასევე შეფასებისას ყველა ერთნაირ პირობებში იქნა ჩაყენებული. შეფასების სისტემის სამართლიანობა დგინდება შეფასების ინსტრუმენტის შესწავლით, პროფესიულ სტუდენტთა გამოკითხვით ან/და შეფასების პროცესზე დასწრებით;
ე) შეფასების სისტემა ობიექტურია, თუ ყველა შესაფასებელი პირი ერთნაირი შესრულების პირობებში ერთნაირად არის შეფასებული, რაც დგინდება შეფასების მტკიცებულებათა და უწყისების შესწავლით;
- ვერიფიკაცია ხორციელდება სამი მიმართულებით: შეფასების ინსტრუმენტის, შეფასების პროცესისა და შეფასების შედეგად მოგროვებული მტკიცებულების ვერიფიკაცია;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულ/ებ/ის ფარგლებში დაგეგმილ განმსაზღვრელი შეფასების პროცესს, წინასწარი შერჩევით, ესწრება ვერიფიკაციის ჯგუფი;
- ვერიფიკაციისას შეირჩევა ერთიდაიგივე შეფასების ინსტრუმენტის ფარგლებში შექმნილი მტკიცებულებების საერთო რაოდენობის არანაკლებ 50 პროცენტი. თუ შეფასების ინსტრუმენტების/მტკიცებულებების რაოდენობა არ აღემატება 10-ს, მაშინ ვერიფიკაციას ექვემდებარება ყველა ინსტრუმენტი/მტკიცებულება;
- ამ მუხლის მეხუთე პუნქტის მიხედვით შეფასებულ ყველა ინსტრუმენტში/მტკიცებულებაში უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში – აღნიშნული მტკიცებულებები შეფასდება სრულად.
მუხლი 4. ვერიფიკაციის პროცედურა
- ვერიფიკაცია ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ორგანიზებით;
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი შეიმუშავებს ვერიფიკაციის პროცესში გამოსაყენებლ ფორმებს;
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი წარუდგენს დირექტორს ვერიფიკაციის გეგმას, რომელიც მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით;
- ვერიფიკაციას ახორციელებს ვერიფიკაციის ჯგუფი, რომელის შემადგენლობა, ხელმძღვანელი და წევრების რაოდენობა მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის წარდგენის საფუძველზე;
- ვერიფიკაციის ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდნენ მოწვეული პირები;
- ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, ან დირექტორის გადაწყვეტილებით მოწვეული პირი;
- ვერიფიკაციის ჯგუფში სავალდებულოდ შედიან დარგის სპეციალისტ/ებ/ი – დარგობრივი კომპეტენციის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებელი/დარგის წარმომადგენელი;
- პროფესიული განათლების ის მასწავლებელი/დარგის წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა შეფასების ინსტრუმენტის შემუშავების ან ვალიდაციის პროცესში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, არ შედის ვერიფიკაციის ჯგუფის შემადგენლობაში;
- ვერიფიკაცია ხორციელდება შერჩევითი პრინციპით, რომელიც ეფუძნება რისკების ანალიზს, სადაც გაითვალისწინება შესაძლო შეუსაბამობების მაღალი ალბათობა. შერჩევისას მხედველობაში მიიღება:
ა) ახალი პროფესიული განათლების მასწავლებელი;
ბ)პროფესიული სტუდენტების მიერ მოდულის/სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის/დადასტურების მიმდევრობით მაღალი მაჩვენებელი;
გ)პროფესიული სტუდენტის საჩივარი;
დ) სამუშაოს მოცულობა;
ე)პროცესის ადმინისტრირებისათვის საჭირო რესურსი.
- შეფასების პროცესის ვერიფიკაციის ანგარიშის ფორმა ივსება ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელს აწერს პროფესიული განათლების მასწავლებელი და ვერიფიკატორი;
- ვერიფიკაციის ანგარიში ვერიფიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წარედგინება კოლეჯის დირექტორს, რომელშიც ასახულია პროცესში გამოკვეთილი მიგნებები და სამომავლო რეკომენდაციები;
- ვერიფიკაციის დასკვნის საფუძველზე დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას გაუმჯობესების გეგმის შემუშავების თაობაზე, რომელშიც მიმართულია ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემური საკითხების გადაჭრაზე, ხოლო თუ გამოკვეთილი პრობლემები მაშტაბურია შესაბამისი აქტივობები გაითვალისწინება კოლეჯის სამოქმედო გეგმაში;
- ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ახდენს გაუმჯობესების გეგმის შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 5. გამოკითხვის/კვლევის მეთოდოლოგია
- საგანმანათლებლო საქმიანობის და შეთავაზებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად კოლეჯი აფასებს დაინტერესებული მხარეების კმაყოფილებას, მათი ინტერესების, საჭიროებებისა და მოლოდინების ჭრილში, რათა გამოავლინოს ნაკლოვანებები და დაგეგმოს მათი აღმოფხვრის/შემცირების ღონისძიებები;
- დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებს, რომლებიც ერთიანდებიან შემდეგ კატეგორიებში:
ა) პერსონალი;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროგრამის ხელმძღვანელი;
გ) პროფესიული სტუდენტი;
დ) კურსდამთავრებული;
ე) დამსაქმებელი;
ვ) პარტნიორი ორგანიზაცია;
ზ) საზოგადოება.
- დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების შეფასება ხდება შესაბამისი გამოკითხვების/კვლევების დაგეგმვის, ჩატარების და ანალიზის, ასევე სასწავლო პროცესზე დაკვირვების საფუძველზე, ხოლო მიღებული შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მიმდინარეობს შეფასების ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით, რაც თავის მხრივ ციკლური განვითარების პრინციპით ხელახალ შეფასებას ექვემდებარება;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვების და შეფასების მიზანია დაადგინოს სწავლებისა და შეფასების მეთოდების და შინაარსის ადეკვატურობა, პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების საკმარისობა და ადეკვატურობა, სასწავლო პროცესის ორგანიზების გაუმჯობესების შესაძლებლობები, პროგრამების განვითარების საჭიროება;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება შესაძლებელია განახორციელოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა, დირექტორის მოადგილემ, სასწავლო პროცესის და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერმა;
- ინსტიტუციური მდგრადობის შეფასების, შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით, კვლევები/გამოკითხვები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორის კურსდამთავრებულთა გამოკითხვის/კვლევის საშუალებით ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება და გროვდება რეკომენდაციები როგორც პროგრამის განვითარების მიზნებისთვის, ასევე სწავლის შედეგების მიღწევის გაუმჯობესებისთვის. კურსდამთავრებულების გამოკითხვის/კვლევის საშუალებით განისაზღვრება მათი კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე, რომლის შედეგები პროგრამის განვითარების საჭიროების ერთერთი საფუძველია;
- კვლევები/გამოკითხვები იგეგმება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების დროული გამოყენება – საჭიროების შემთხვევაში პრევენცია/აღმოფხვრა;
- გამოკითხვების/კვლევების ადმინისტრირებას უმთავრესად ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი და კოლეჯის პერსონალს და პროფესიული განათლების მასწავლებლებს, კომპეტენციის ფარგლებში, ევალებათ პროცესში სათანადო ჩართულობა, მათ შორის კითხვარის შემუშავება/რედაქტირებაში;
- შესაძლებელია საჭიროდ იქნეს მიჩნეული გამოკითხვის/კვლევის ჩატარება სხვა თანამშრომლის მიერ დამოუკიდებლად, პოზიციისა და საქმიანობის გათვალისწინებით, რა შემთხვევაშიც კვლევის შედეგები აკუმულირდება ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერთან, გაანალიზდება ერთობლივად და საჭიროებისამებრ დაიგეგმება მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- გამოკითხვის/კვლევის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მონაწილე მხარეებთან მაღალი კოორდინაცია, მათი ინფორმირება გამოკითხვის/კვლევის მიზნის, ანონიმურობის/არა ანონიმურობის შესახებ;
- გამოკითხვის/კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც ელექტრონული და მატერიალური ფორმით, ასევე სატელეფონო ინტერვიუს ფარგლებში;
- გამოკითხვის/კვლევის ეტაპებია:
ა) მიზნ/ებ/ის ჩამოყალიბება და სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
ბ) ინსტრუმენტის-კითხვარის შემუშავება/არსებულის გადახედვა;
გ )მონაწილეთა შერჩევა, ჩატარების ვადების განსაზღვრა და ორგანიზება;
დ) მონაცემების შეგროვება და მოწესრიგება;
ე) მონაცემების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) შედეგების გაზიარების უზრუნველყოფა.
- გამოკითხვის/კვლევის კრიტერიუმებია: ვალიდურობა; სანდოობა ; მოქნილობა; შინაარსობრივი სიმარტივე; მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- გამოკითხვის/კვლევის ფარგლებში გამოსაყენებელი კითხვარები მუშავდება მიზნის შესაბამისად და არასანდო შედეგების რისკის შესამცირებლად გაითვალისწინება სამიზნე ჯგუფის კატეგორია (კითხვების რაოდენობა/ფორმულირება/სიმარტივე; შემოწმდეს ის, რის გაგებაც წარმოადგეს მიზანს; კითხვარის შეუვსებლად დატოვების/გულწრფელი პასუხების გაცემის/გაუაზრებლად-სწრაფად შევსების პრევენცია);
- კითხვარები მუშავდება საჭიროების შესაბამისად, შესაბამის ეტაპზე და არ საჭიროებს დამტკიცებას; შემუშავებული კითხვარები ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას, მათ შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე დაგეგმვის ეტაპზე სამიზნე ჯგუფზე მორგებული ვერსიის ჩამოსაყალიბებლად (კითხვის ჩანაცვლება/ფორმულირების ცვლილება);
- მიზნობრივი მონაცემების მოპოვება, გამოკითხვის/კვლევის ფარგლებში, შესაძლოა განხორციელდეს მონაცემთა რაოდენობრივი ან თვისებრივი შეგროვების მეთოდით;
- რაოდენობრივი გამოკითხვის/კვლევის ფარგლებში, თუ გამოკითხვის/კვლევის მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია გამოკითხულთა საერთო რაოდენობის ნახევარზე, შედეგები არავალიდურია/არასანდოდ მიიჩნევა და დგება თვისებრივი გამოკითხვის/კვლევის ჩატარების საჭიროება;
- თვისებრივი გამოკითხვის/კვლევის ფარგლებში შესაძლებელია ფოკუს ჯგუფის (მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება 7-20 პირით) ან პირისპირ ინტერვიუს გამოყენება;
- გამოკითხვის/კვლევის ჩატარების ინტენსივობა, მიმართულება და ვალიდური მონაცემების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად;
- ჩატარებული გამოკითხვის/კვლევის სტატისტიკური შედეგების გაანალიზება მიზნის ჭრილში ხორციელდება გამოკითხვის/კვლევის ჩატარებიდან შემჭიდროვებულ ვადებში და აისახება გამოკითხვის/კვლევის ანგარიშში, რომელიც ასევე მოიცავს გამოკითხვის/კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესის ამსახველ ინფორმაციას სათანადო მტკიცებულებებით.
-
დანართი 1 |
სამიზნე ჯგუფი | ინტენსივობა | ჩატარების პერიოდი | ვალიდური მონაცემები | მიმართულება |
პერსონალი | არანაკლებ წელიწადში ერთხელ | სამუშაოს დაწყებიდან არაუადრეს 3 თვისა | საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% | შრომითი კმაყოფილება, პერსონალის მართვის პოლიტიკა და მიდგომები, შეფასების და ანგარიშგების სისტემა, პროფესიული საჭიროებების, ინიციატივების და განვითარების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურა, მატერიალური და საინფორმაციო რესურსები, ინსტიტუციურ განვითარებაში ჩართულობა |
პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროგრამის ხელმძღვანელი | არანაკლებ წელიწადში ერთხელ | სამუშაოს დაწყებიდან არაუადრეს 3 თვისა, მოდულის განხორცილების შემდეგ არაუგვიანეს 1 თვისა | საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% | სასწავლო პროცესის ორგანიზება, შეფასების ინსტრუმენტის, კალენდარული გეგმის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმები, პროფესიული/პედაგოგიურ საჭიროებები, ინიციატივების, განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, შეფასების სისტემა, სასწავლო გეგმა, პროგრამის/მოდულის შინაარსი, ხანგრძლივობა, სასწავლო რესურსი და საბიბლიოთეკო სერვისები, ინფრასტრუქტურა, მატერიალური და საინფორმაციო რესურსები, პროფესიული განათლების მასწავლებელი/პროგრამის ხელმძღვანელი, ინსტიტუციურ განვითარებაში ჩართულობა |
პროფესიული სტუდენტი | არანაკლებ პროგრამის დასრულებამდე ორჯერ | სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან არაუადრეს 5 თვისა | საერთო რაოდენობის არანაკლებ 60% | სასწავლო პროცესის ორგანიზება, პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება, ადმინისტრაციული, აკადემიური და კარიერული მხარდაჭერა, ინიციატივების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების მასწავლებელი, სასწავლო გეგმა, არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სწავლებისა და შეფასების მეთოდები, შეფასების სისტემა, პროგრამის/მოდულის შინაარსი, ხანგრძლივობა, სასწავლო რესურსი და საბიბლიოთეკო სერვისები, ინფრასტრუქტურა, მატერიალური და საინფორმაციო რესურსები, ინსტიტუციურ განვითარებაში ჩართულობა |
კურსდამთავრებული | საანგარიშო პერიოდში არანაკლებ ორჯერ | სწავლის დასრულებიდან არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 2 წლისა | საერთო რაოდენობის არანაკლებ 50% | პროგრამის/მოდულის შინაარსი, საგანმანათლებლო რესურსი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფილით დასაქმება, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა/შეუძლებლობა, გამომწვევი მიზეზები და რეკომენდაციები, კოლეჯის საქმიანობის შეფასება |
დამსაქმებელი | არანაკლებ წელიწადში ერთხელ | მონაცემების შესაბამისად | საერთო რაოდენობის არანაკლებ 50% | პროგრამის/მოდულის შინაარსი, პროფესიული და საკვანძო კომპეტენციები, შრომის ბაზრის მოთხოვნები, ინსტიტუციურ განვითარებაში ჩართულობა |
პარტნიორი ორგანიზაცია | არანაკლებ წელიწადში ერთხელ | პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა | საერთო რაოდენობის არანაკლებ 60% | თანამშრომლობა/კოორდინირება, პროგრამის/მოდულის შინაარსი, პროფესიული და საკვანძო კომპეტენციები, შრომის ბაზრის მოთხოვნები, ინსტიტუციურ განვითარებაში ჩართულობა |
საზოგადოება | არანაკლებ წელიწადში ერთხელ | საჭიროებისამებრ | – | კოლეჯის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა, განხორციელებული სერვისები, შრომის ბაზრის მოთხოვნები, მოთხოვნადი დასაქმების სფეროები |